გრეის კელის ცხოვრების ისტორია იმდენად დრამატული და ზღაპრულია, რომ ჰოლივუდელ სცენარისტებს მასზე წერა უჭირთ. ის ეკრანზე სულ 6 წელი იყო, მაგრამ ამ მოკლე დროშიც კი თავისი სილამაზითა და მსახიობური ნიჭით ყველა მოაჯადოვა. ჰიჩკოკის საყვარელი მსახიობის ტიტულის მოპოვება არცთუ ადვილია, გრეისმა კი ეს მოახერხა.
გრეის პატრიცია კელი 1929 წლის 12 ნოემბერს მდიდარ ირლანდიურ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მამამისმა უბრალო ქვის სამტეხლოდან მთელი იმპერია შექმნა. სერიოზულად იყო ჩართული ნიჩბოსნობაში და სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონიც კი გახდა. გრეისის დედა წარმოშობით გერმანელი გახლდათ. ის პროფესიით მოდელი იყო. ოჯახში ოთხი შვილი იზრდებოდა და თითოეულ მათგანს საუკეთესო განათლება მისცეს.
გრეისს პატარაობიდანვე მაღალი მორალური პრინციპებით ზრდიდნენ. 6 წლისა მონაზვნების კათოლიკურ სკოლაში შეიყვანეს, სადაც ყველას თავი დაამახსოვრა, როგორც ძალიან უშუალო და კეთილმა გოგონამ. 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა კერძო სკოლაში განაგრძო. ეს მამის მოთხოვნით მოხდა, რადგან თვლიდა, რომ მონაზვნები ფიზიკურ აღზრდას ყურადღებას არ აქცევდნენ. გრეისს მონასტრის სკოლაში გატარებული წლები მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა. იგი ხშირად მიდიოდა თავისი სულიერი დების მოსანახულებლად.
ახალ სკოლაში გრეისმა, თავისთვისაც მოულოდნელად, თეატრის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა გამოიჩინა და მალე სკოლის თეატრის ვარსკვლავი გახდა. სკოლის დამთავრებისთანავე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ცხოვრება ხელოვნებისათვის დაეკავშირებინა და სწავლა ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში გააგრძელა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გრეისმა მშობლებს არ დაუჯერა, თუმცა არც მათი მხრიდან ყოფილა კატეგორიული წინააღმდეგობა.
დრამატულ აკადემიაში გრეისმა სილამაზით ყველა მოხიბლა. მას მოდელობაც შესთავაზეს, რაც სწავლას ადვილად შეუთავსა. ერთ წელიწადში გრეის კელის სურათები ამერიკის ყველაზე ცნობილი ჟურნალების ყდებს ამშვენებდა.
პირველი დიდი სიყვარული გრეისს 19 წლის ასაკში, აკადემიაში სწავლისას ეწვია. ახალგაზრდა რეჟისორ დონ რიჩარდსონზე გრეისი იმდენად იყო შეყვარებული, რომ გათხოვებას აპირებდა, თუმცა მისი რჩეული პირველ ცოლთან ჯერ განქორწინებულიც არ იყო. საქმეში გრეისის მშობლები ჩაერივნენ და გოგონას კატეგორიულად მოსთხოვეს, უარი ეთქვა დონთან ურთიერთობაზე, სხვაგვარად ნიუ იორკში სწავლის საშუალებას აღარ მისცემდნენ. მართალია, გრეისმა დონთან რომანი გააგრძელა, მაგრამ ურთიერთობა ქორწილამდე აღარ მისულა. მალე ისინი დაშორდნენ.
მას შემდეგ ვინ აღარ ცდილობდა გრეისის გულის მონადირებას – უფულო სტუდენტიდან დაწყებული, მილიარდერი შეიხით დამთავრებული. ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი იმდენად მოიხიბლა ქერათმიანი ქალიშვილით, რომ ბრილიანტებითა და მარგალიტებით აავსო. საქმეში კვლავ გრეისის ოჯახი ჩაერია. მათ ქალიშვილს ძვირფასი საჩუქრების უკან დაბრუნება მოსთხოვეს. მართალია, გერისი შაჰს ცოლად არ გაჰყვა, მაგრამ არც საჩუქრები დაუბრუნა. ეს მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც სხვა მამაკაცზე გათხოვდა.
გრეისმა მშობლების ზედამხედველობას კარგა ხანს ვერ დააღწია თავი. კელის პარტნიორები იყვნენ ისეთი მომხიბვლელი მამაკაცები, როგორებიც იყვნენ ჰარი კუპერი, კლარკ გეიბლი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები. გრეისის მშობლებს ქალიშვილი არც ერთი მათგანისათვის არ ემეტებოდათ. გრეისიც ითვალისწინებდა მათ აზრს და შეთავაზებულ სიყვარულზე, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობდა.
გრეის კელიმ ოსკარი მიიღო ფილმისათვის “სოფლელი გოგონები”. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ეკრანზე ასეთი სილამაზე ოსკარის გარეშე არ უნდა დარჩენილიყო. შემდეგ მსახიობი კანის ფესტივალზეც მიიწვიეს. სწორედ იქ შეიცვალა მთელი მისი ცხოვრება. კანში გრეისი შეხვდა მონაკოს პრინცს, რენიე მესამეს. გრეისმა მოგვიანებით შეიტყო, რომ, ერთი შეხედვით, შემთხვევითი შეხვედრა, თურმე ფოტოგრაფების მიერ იყო ორგანიზებული. მათ ჩათვალეს, რომ 31 წლის უცოლო პრინცისა და 26 წლის ლამაზმანისაგან კარგი წყვილი გამოვიდოდა, ერთობლივ სურათებს კი სარფიანად გაყიდიდნენ.
პირველი შეხვედრა შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ეტაპზე ორივეს სხვა ადამიანებთან ჰქონდათ რომანი. გრეისს დიზაინერი კასინინი უყვარდა. პრინცი მოიხიბლა ლამაზმანის მოკრძალებული და სადა მანერებით. ის განცვიფრებას ვერ მალავდა – ასეთი უპრეტენზიო და უშუალო კინოვარსკვლავი მეორე არსად მინახავსო. მათ შესაძლო რომანს კელის მშობლებმაც მწვანე შუქი აუნთეს და შედეგად, საშობაოდ პრინცი თავად ეახლა გრეისს ამერიკაში ხელის სათხოვნელად.
1956 წლის 4 აპრილს გრეისი, მისი მშობლები და მათი რამდენიმე ათეული მეგობარი მონაკოსკენ გაემართნენ. ქორწილი სწორედ ამ დღეს იყო დანიშნული. ლამაზმანს საქორწილო კაბა ამერიკელმა დიზაინერმა ჰელენ როზმა შეუკერა. ხელს ათკარატიანი ბრილიანტის საქორწილო ბეჭედი უმშვენებდა. მონაკო რამდენიმე დღე ზეიმობდა მათ ქორწილს. ქვეყნის მოსახლეობამ პატარძლისათვის ძვირფასი საჩუქრებიც არ დაიშურა – “როლს როისი”, ბრილიანტის ყელსაბამი და კიდევ რამდენიმე ძვირფასი სამკაული.
ჯვრისწერისთანავე ჰოლივუდის ლამაზმანი ოფიციალურად გახდა მონაკოს პრინცესა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ კავშირს ეწინააღმდეგებოდნენ. როდესაც გრეისს პირველი ქალიშვილი შეეძინა, ბოროტი ხმებიც გავრცელდა სამეფო ოჯახში უთანხმოებაზე. სამეფო ინტრიგებს გრეისი მშვიდად იტანდა და ოთხ წელში რენიეს ტახტის მემკვიდრე, ალბერტიც გაუჩინა. სამეფო ტიტულმა და ოჯახურმა ცხოვრებამ აუცილებელი გახადა, რომ გრეისი კინოსამყაროს ჩამოშორებოდა. მოგვიანებით კინოვარსკვლავი ფილმების გახმოვანებით იყო დაკავებული. ასაკში შესულმა კი საკუთარი თეატრი ჩამოაყალიბა, სადაც ბრიტანეთის საუკეთესო თეატრალურ მსახიობებს იწვევდა.
რენიე ცოლის საქმიანობის მიმართ სრულიად გულგრილი იყო. უფრო მეტიც, თავის დროზე, როდესაც მან გრეისი ცოლად მოიყვანა, მთელი მონაკოს მასშტაბით მისი ფილმების ჩვენება აკრძალა, რადგან ეს სამეფო ეტიკეტს ეწინააღმდეგებოდა. გრეისი მოთმინებით ეკიდებოდა ყველაფერს და ხშირად ახსენდებოდა ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სამკაული – გულსაბნევი, რომელსაც გალიაში გამომწყვდული ჩიტის ფორმა ჰქონდა. მართლაც ის ნელ–ნელა ოქროს გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს დაემსგავსა.
მონაკოელებმა გრეისი შეიყვარეს. თავად პრინცესა მალე ქვეყნის სახე გახდა და სამეფო ოჯახში მისი შესვლის შემდეგ მონაკოში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა. ის მალე იქცა სახალხო პრინცესად. პარალელურად კი სამაგალითო დედობასაც ცდილობდა. მოგვიანებით სამეფო ოჯახში მესამე შვილი, გოგონა სტეფანი დაიბადა.
მკაცრი დედის როლმა არ გაჭრა და წლებთან ერთად გრეისი სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას და პრობლემებს აწყდებოდა შვილებთან. განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა მისი პირველი ქალიშვილი კაროლინა, რომელიც მშობლებისაგან წავიდა და პარიზში თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა. ის აკეთებდა ყველაფერს, რაზეც თავის დროზე გრეისი უარს ამბობდა.
ასაკის მატებასთან ერთად პრინცესამ სხეულის ფორმები დაკარგა, მისი მომხიბვლელობა კი დაღლილი მზერით შეიცვალა. მიუხედავად ოჯახს შეწირული კარიერისა, პრობლემური შვილებისა და ნაკლებად მზრუნველი ქმრისა, გრეისი თავს მაინც ბედნიერ ქალად თვლიდა, მაგრამ არც ასეთი ბედნიერება აღმოჩნდა ხანგრძლივი.
1982 წლის 13 სექტემბერს გრეისმა უმცროს ქალიშვილ სტეფანისთან ერთად ნიცაში წასვლა გადაწყვიტა. ბოლო მომენტში ფრენას ავტომობილი არჩია. მანქანის დაძვრიდან 40 წუთში ერთ–ერთ მოსახვევში გრეისის მანქანა კლდიდან გადაიჩეხა. გრეისი და სტეფანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედის მდგომარეობა რთული იყო, ქალიშვილი კი ნაკლებად დაშავდა. ავარიიდან მეორე დღეს დედა გარდაიცვალა. სტეფანიმ ვერ შეძლო მის დაკრძალვაზე მისვლა, რადგან წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. მან ყველაფერი ტელევიზიით ნახა.
დაკრძალვის ცერემონიალი გულისამაჩუყებელი იყო, ყველა ტიროდა, მათ შორის, სრულიად მოურიდებლად პრინცი რენიეც. პრინცესას ტრაგიკული გარდაცვალებისთანავე დაიწყო ავარიის შესაძლო მიზეზების დადგენა. ძირითადად ავარიის ორი ვერსია სახელდებოდა. პირველი – გრეისმა არ იცოდა მანქანის მართვა და შესაბამისად პირველივე დაბრკოლებაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და მეორე – საჭესთან ნარკოტიკებით გაბრუებული სტეფანი იჯდა.
პრინცესა სტეფანი ამ საკითხზე 20 წელი დუმდა, ხოლო შემდეგ განაცხადა: “თავის დროზე ამბობდნენ, რომ დედა მე მოვკალი. დედა ჩემი ცხოვრების ძირითადი საყრდენი იყო. ახალგაზრდა დედა დავკარგე და თანაც ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. ვერავინ წარმოიდგენს, რა გადავიტანე. ცხოვრებას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი, როდესაც თავად გავხდი დედა”.
ამ ტრაგედიამდე გაცილებით ადრე, გზის იმავე მონაკვეთზე ალფრედ ჰიჩკოკი თავის საყვარელ მსახიობთან ერთად მანქანით მიდიოდა. იმ ტერიტორიის სიახლოვეს ფილმს იღებდნენ. მოსახვევში გრეისმა მანქანის გაჩერება სთხოვა და გადავიდა. ბუნებას გახედა და ხმამაღლა თქვა, რა მტანჯველად ლამაზი გარემოა, რაღაც მისტიკური გრძნობა მეუფლებაო. ჰიჩკოკი მას ამ ადგილას საშინელებათა ფილმის გადაღებას შეჰპირდა და თან ხუმრობით თუ სერიოზულად დასძინა, ამ მოსახვევიდან ბევრ ადამიანს გადავაფრენ, მათ შორის შენც იქნებიო. ეს წინასწარმეტყველება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ახდა.
Sana.ge