ნატალი პორტმანი ჰოლივუდში ყოველთვის გამოირჩეოდა ჭკუით და მაღალი ინტელექტით. ნატალი იმ მსახიობების რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც შეუძლიათ თამაში და არა – უბრალოდ სტატიკურად დგომა კამერების წინ.
ნატალი უკვე 13 წლის ასაკში გახდა პოპულარული, როდესაც მიიღო მონაწილეობა ფილმში “ლეონი”, სადაც მან ერთ–ერთი მთავარი როლი შეასრულა. ამ ფილმის შემდეგ პორტმანზე უკვე ალაპარაკდნენ ჰოლივუდში, როგორც ამომავალ ვარსკვლავზე. იშვიათია მსახიობი, რომელსაც ასეთ ადრეულ ასაკში პოპულარობისთვის მიეღწიოს ჰოლივუდში.
ნატალი ეკრანზე საკმაოდ ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას ბევრი როლი აქვს შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მხოლოდ 29 წლისაა და მთელი კარიერა წინ აქვს.
ნატალის შეუძლია ერთ ფილმში რამდენიმე სახის ადამიანი ითამაშოს, ანუ მოახდინოს ცვლილება საკუთარ თავში, რაც საკმაოდ რთულია. ნატალი არასოდეს ყოფილა ამპარტავანი, მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა კოლეგებთან და არასოდეს მოსვლია ვინმესთან კონფლიქტი. ნატალის ნათამაშევი აქვს ისეთ მსახიობებთან,როგორებიც არიან ჯულია რობერტსი, ნიკოლ კიდმანი, ჯუდ ლოუ და სკარლეტ იოჰანსონი.
მსახიობი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და მასთან დამეგობრება სულაც არ არის ადვილი საქმე. ეს მის მამაკაცებთან ურთიერთობასაც ეხება. სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, რომლებიც დღედაღამე იმაზე ფიქრობენ, რომელ მსახიობ მამაკაცთან გააბან რომანი, ნატალი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ელოდება თავის ოცნების მამაკაცს და ერთჯერადი ურთიერთობები მას არ აკმაყოფილებს.
ნატალი ერთ–ერთ ყველაზე პატიოსან ქალად ითვლება ჰოლივუდში. მისი რომანები შეიძლება ერთი ხელის თითებზე ჩამოითვალოს. იგი საკმაოდ მკაცრია და არ ამართლებს ზედმეტად თავისუფალ ურთიერთობებს. მსახიობი ჯერჯერობით მარტოა და იმედოვნებს, რომ საყვარელ მამაკაცს აუცილებლად შეხვდება.
სანამ ნატალი სიყვარულის ძებნაშია, მისი კარიერა სულ და უფრო წინ მიიწევს. ნატალი უკვე არამარტო ჰოლივუდშია პოპულარული, არამედ მთელ მსოფლიოშიც. მსახიობი აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით და ხშირად ურიცხავს ფულს საქველმოქმედო ფონდებს.
888
ნატალი პორტმანი დაიბადა 1981 წლის 9 ივნისს იერუსალიმში. მშობლები მას მკაცრად ზრდიდნენ და აკონტროლებდნენ. 9 წლის ასაკში ნატალის ოჯახი ნიუ–ორკში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ მსახიობი მხოლოდ აშშ–ში ცხოვრობს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– როდესაც ქუჩაში სეირნობთ, რამდენად გაწუხებენ პაპარაცები?
– იმ ვარსკვლავების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ამით შეწუხებული არიან. პაპარაცები თითქმის საერთოდ არ დამსდევენ და ეს ძალიან კარგია, რადგან როდესაც პაპარაცები მუდმივად ერევიან შენს პირად ცხოვრებაში, ეს ძალიან მოსაბეზრებელი ხდება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, პირადი ცხოვრება ჰქონდეს და როდესაც მას ამაში ხელს უშლიან, ეს ნამდვილად არ არის ლამაზი. პაპარაცებს ვურჩევ, დაანებონ თავი ვარსკვლავების დევნას.
– თქვენ საკმაოდ ადრეულ ასაკში გახდით პოპულარული ჰოლივუდში. რამდენად იმოქმედა ამან თქვენს ახალგაზრდულ ცხოვრებაზე?
– ამან ჩემზე საკმაოდ იმოქმედა, რადგან როდესაც ახალგაზრდა ხარ, რთულია იმის გაანალიზება, რომ უკვე ჰოლივუდში ხარ და შენზე ბევრს ლაპარაკობენ. ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო. როდესაც გინდა, რომ წარმატებული მსახიობი გამოხვიდე, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შეიძლება წინ ბევრი სირთულე შეგხვდეს. მე არ ვარ პირველი ადამიანი, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ეს მართლაც ასეა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდი არ მომწონს. ჩემი წარმატებები სწორედ ჰოლივუდის დამსახურებაა. ჩემი კარიერით სრულებით კმაყოფილი ვარ.
– ხშირად უარს ამბობთ ხოლმე ეროტიკულ სცენებში გადაღებებზე. რატომ?
– უბრალოდ, მსგავს სცენებში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ და არც მაქვს სურვილი, ეკრანზე შიშველი ვიყო. არიან ისეთი ტიპის მსახიობები, რომლებიც სწორედ მსგავს სცენებში არიან ძლიერები და მათთვის ეროტიკული სცენები სირთულეს არ წარმოადგენს. მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. თუ საჭირო იქნება ფილმისთვის, შეიძლება გავშიშვლდე კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეროტიკული სცენები ფილმებში აუცილებელია და მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მომავალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
– როგორც მსახიობს, გადაღებების დროს ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
– თვითონ გადაღების პროცესი. როდესაც გადასაღებ მოედანზე ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. გარშემო ისეთი ადამიანები არიან, რომლებთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებს. გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნოა, რადგან ყოველდღე ახალ ამბებს იგებს სცენარის და ფილმის შესახებ და ეს ძალიან სასარგებლო საინტერესო პროცესია. როდესაც გადაღებები მთავრდება, დაღლილი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვბრუნდები ხოლმე სახლში. როდესაც ფილმს ვნახულობ, რომელზეც ამდენი ენერგია დავხარჯე, საოცარი კმაყოფილების შეგრძნება მეუფლება.
– ყოფილა შემთხვევები, როდესაც გიფიქრიათ, რომ ამ ფილმში არ უნდა მიგეღოთ მონაწილეობა?
– ერთი–ორჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა. ძირითადად ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვრჩებოდი. ვიცი, რომ ბევრ მსახიობს არ უყვარს თავისი ფილმების ყურება, მაგრამ მე მომწონს, როდესაც ჩემს ფილმებს ვუყურებ. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უკან გამოვიხედავ, ვიტყვი, რომ რამდენიმე ძალიან კარგ ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
– შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ?
– ასეთი რამე საერთოდ ჯობია, რომ არ თქვა, რადგან იდეალური ცხოვრება არ არსებობს და ყოველთვის იქნება წვრილ–წვრილი პრობლემები, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად არ მაქვს. დაკავებული ვარ პროფესიით, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, მაქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ გავაკეთო, რაც მინდა, ერთადერთი, რაც მჭირდება, საყვარელი ადამიანია გვერდით და მაშინ შემეძლება ვთქვა, რომ იდეალური ცხოვრება მაქვს.
– მამაკაცებში ყველაზე მეტად რა თვისებას აფასებთ?
– მთავარია, ერთმანეთთან კარგად ვიყოთ და დისკომფორტს არ განვიცდიდეთ ერთად ყოფნის დროს. გარეგნობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. არც ფინანსურ მხარეს, ასე რომ, პირველ რიგში ადამიანური თვისებებით უნდა მომხიბლოს მამაკაცმა.

