რა ვიცი, იქნებ ზოგს სხვა ფინალის ნახვა სურდა, მაგრამ ალბათ მაინც ეს ორი მანდილოსანი იმსახურებდა გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობას.
ბოლო დეკადის უძლიერესი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი ბელგიელ ჟუსტინ ანენს დაუპირისპირდება.
ტრავმირებული, შეუძლოდ მყოფი ამერიკელი ბოლო ორი მატჩის დროს ძალიან შორს იყო თავისი საუკეთესო თამაშისგან, მაგრამ კლასით, გამოცდილებით და იმითაც, რომ ბოლო მომენტში რამდენიმე ოპონენტს მისი სავარაუდო დამარცხების ილუზიით მაჯა აუკანკალდა, ფინალში გავიდა.
ჯერ კიდევ ვიკა აზარენკასთან სერენას უნდა წაეგო, როდესაც, პირველი სეტის დათმობის მერე, მეორეში 0:4 ჩამორჩა. მერე კი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აზარენკამ “გაჭედა”, მოგების ვერ ირწმუნა და უმცროსმა უილიამსმაც ჯერ მეორე სეტი გადაარჩინა, დისაიდერში კი კორტზე ერთი მოთამაშე იყო. აზარენკა დაიშალა, განადგურდა…
ძალიან გაუჭირდა უილიამსს ნახევარფინალში ჩინელ ნა ლისთანაც.
მატჩი, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მხოლოდ ორი ბრეიკით და ბევრი უნებლიე შეცდომით იყო აღსანიშნავი. სხვათა შორის, ლის მანამდე ვენუსი ჰყავდა დამარცხებული და უმცროსმა დაიკომაც, გარკვეულწილად, რევანში აიღო.
სერენას ტურნირის მსვლელობისას სტკიოდა ორივე მუხლი, მარჯვენა მაჯა, საზარდული, მუცელი. მოკლედ, ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში იყო და მაინც, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის ხარჯზე, ფინალში გავიდა.
ლისთვის ეს პირველი სასლემო ნახევარფინალი იყო, ოპონენტად კი სლემტურნირებზე 11-გზის ტრიუმფატორი ჰყავდა.
უილიამსმა უფრო აქტიურად დაიწყო მატჩი და ლის მოწოდება დებიუტშივე აიღო, რაშიც მას ჩინელის ორი უნებლიე შეცდომა წაეშველა.
ლიმ რიბრეიკი გააკეთა, თუმცა სერენას მოწოდებაზე ჯერ ორი “ნაკლების” გადარჩენა მოუხდა, ხოლო როდესაც ბრეიკ პოინტზე უილიამსმა თითქოს ეისი დააქუხა, მსაჯს “ქორის თვალი” გამოაყენებინა. გამეორებამ აჩვენა, რომ ბურთი ხაზს გარეთ დაეშვა. ლიმ ანგარიში გაათანაბრა.
პირველი სეტის ბოლომდე უილიამსმა გაჭირვებით, თუმცა, მაინც მოახერხა საკუთარი მოწოდების შენარჩუნება, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებდა. ჩინელი ოდნავ ყურადღებით რომ ყოფილიყო, პირველ სეტს ტაი-ბრეიკამდე არ მიიყვანდა და დაწინაურდებოდა.
ტაი-ბრეიკზე უილიამსმა მხარეების პირველ გაცვლამდე აიღო ქულა ლის მოწოდებაზე და სეტი მეორე მოწოდებიდან გაკეთებული ეისით დაასრულა. პირველი სეტი 58 წუთს გაგრძელდა.
მეორე სეტში უკვე ლი აქტიურობს. უილიამსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი მოწოდების შენარჩუნებას, ჩინელი კი ბადესთან უფრო ხშირად გადის. სერენამ გამოასწორა პირველი მოწოდების პროცენტული მაჩვენებელიც და საბოლოოდ, შეხვედრის მსვლელობისას 49 პირველი მოწოდებიდან, მხოლოდ 7 გათამაშება დათმო.
ლიმ, რომელმაც მეორე სეტში 21 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამჯერადაც შეძლო ტაი-ბრეიკამდე გაბრძოლება, მაგრამ პირველი ორი გათამაშებისას ქულების გაცვლის მერე, ჩინელმა შეხვედრის ბოლომდე ყველა გათამაშება დათმო და მატჩი 38 უნებლიე შეცდომით დაასრულა. უილიამსმა მატჩი თავისი მე-12 ეისით დახურა. სერენა მეხუთედ გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა.
ანენის ტრიუმფი
ჟუსტინი დაბრუნდა!
ბელგიელმა ნახევარფინალში კიდევ ერთი ჩინელის, ჩი ჩენის წინააღმდეგ ტურნირზე ყველაზე იოლი მატჩი ჩაატარა და კარგ ფორმაში მყოფი მეტოქე სულ რაღაც 51 წუთში დაამარცხა.
ბელგიელი ბადის ყველაზე რთულ ნაწილში მოხვდა და ფინალამდე რამდენიმე ძალიან სახიფათო მოწინააღმდეგის ბარიერის გადალახვა მოუხდა. საინტერესო იქნებოდა მისი და კიდევ ერთი დიდი ბელგიელის კიმ კლაისტერსის ჯახი, მაგრამ ეს უკანასკნელი დამარცხდა რუს ნადია პეტროვასთან, რომელმაც მოგვიანებით ანენთან წააგო.
ჟუსტინმა როდ ლეივერის არენაზე ჩენს ჩოგბურთის მასტერკლასი ჩაუტარა. იმდენად დიდი იყო ბელგიელის უპირატესობა ყველა სათამაშო კომპონენტში, რომ შეხვედრის დეტალურად აღწერას აზრი არა აქვს.
“დღეს სოლიდურად ვითამაშე და მეტოქემაც ბევრი შეცდომა დაუშვა. ფინალში გასვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ნამდვილად არ ველოდი, რომ დიდი სლემის პირველივე ტურნირზე ასე შორს გასვლას შევძლებდი. სერენასთან ყოველთვის დაძაბული, გამორჩეული შეხვედრები მქონდა. დარწმუნებუილი ვარ, ახლაც ასე იქნება”, – თქვა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 27 წლის ანენმა, რომლისთვისაც ეს დიდი სლემის ტურნირებზე მე-12 ფინალი იქნება.
ჩენისთვის ეს პირველი სასლემო ნახევარფინალი არ ყოფილა. ჩინელი, რომელიც ყოველთვის წყვილებში უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ერთეულებში, 2008-ში უიმბლდონის ბოლო ოთხეულში გავიდა, თუმცა მაშინაც დამარცხდა. საპრიზოების დიდ ნაწილს კი ძირითადად წყვილებში დომინაციის ხარჯზე იღებს.
პირველი გეიმი ჩენის გამარჯვებით დასრულდა, რის მერეც ანენმა წალეკა მოწინააღმდეგე და ზედიზედ 12 გეიმის მოგებით წერტილი დაუსვა ყველაფერს.
“ჟუსტინი ყოველთვის საუკეთესოთა შორის იყო. მისი დაბრუნებით ჩოგბურთი გამდიდრდა. იმედი მაქვს, ჩვენი შემდეგი შეხვედრა ამაზე საინტერესოდ ჩაივლის”, – ეს ჩენის მატჩისშემდეგომი კომენტარია.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ბელგიელმა 23 გათამაშება მოიგო, მაშინ როდესაც მისმა ოპონენტმა მხოლოდ – 3. მეორე სეტში ჩინელმა მხოლოდ 8 ქულა მოიგო.
Leave a Reply